შპს "ტაოს" ხელმძღვანელი, ყოფილი პრემიერის, ივანე მერაბიშვილის ბიძა ლევან თუმანიშვილი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ახალციხის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც სასამართლომ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
შეგახსენებთ, რომ ლევან თუმანიშვილი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თბილისში, გვიან ღამით, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. თუმანიშვილი გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა. როგორც ექიმი გივი მაისურაძე აცხადებს, პაციენტს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა აღენიშნება. ექიმების განცხადებით, თუმანიშვილის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თუმანიშვილი 14 დეკემბერს დააკავეს. მანადე კი, თუმანიშვილი ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.