შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სქემის დეტალები შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა.
გეგმა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება `"ბანკი ქართუს" გაკოტრებას. გიორგობიანის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი სქემა შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან. `"ბანკ ქართუს" იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათას 363 აშშ დოლარისა და 3 მილიონ 757 ათასი ლარის კრედიტები. სქემის მიზანი იყო, ბანკს ეს თანხა დაეკარგა, რაც მას გაკოტრებამდე მიიყვანდა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემდეგ, პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.
შსს-ს ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო 'ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს, მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ოთარ აგლაძეს.
ეს პირები დაუკავშირდებოდნენ ნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ 'ბანკ ქართუში". სთავაზობდნენ მათ ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ კი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა და გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის განკარგულებით გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით. ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს.
ასეთ კომპანიებს შორისაა: მცხეთა _ მთიანეთის გუბერნატორის - იაგო ჩოჩელის შპს "ინტერპლასტი", შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის - ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს "პირიმზე" და შპს "სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა", მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის - გიორგი ისაკაძის საწარმოები: შპს "ლოგოსი" და ამხანაგობა "თეთრი სახლი".
შსს-ს ინფორმციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ.
"სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მიმართული იყო 'ბანკი ქართუს" გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებითა და ქვედანაყოფებით", - განაცხადა გიოგობიანმა.