დღეს, 17 დეკემბერს ორშაბათს 15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მეგობრების - გიორგი ქურდაძისა და სხვა პირების არაერთგზის გადადებული პროცესი, რომლებიც ბრალდებულები არიან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში.
როგორც ბრალდებულები 8 წლის განმავლობაში უშედეგოდ ამტკიცებდნენ, მათთვის აღნიშნული იარაღის ჩადება განხორციელდა (24.11.2004) ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამართლების მიზნით. იარაღის ჩადების შემდეგ, რობაქიძის მკვლელობა დაკვალიფიცირდა როგორც `აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი მკვლელობა~ და იგეგმებოდა საქმის შეწყვეტა, რადგან არაობიექტურად ჩატარებული გამოძების მტკიცებით რობაქიძე და მისი მეგობრები იყვნენ შეიარაღებულები და მკვლელობა ჩადენილი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, მოგვიანებით მკვლელი პოლიციელი ბაშალეიშვილი გასამართლდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.
პროკურატურამ 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო ხელახალი გამოძიება მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე და გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა (მიქაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი). მიუხედავად ამისა, ქურდაძის მიმართ ბრალდება დღემდე მოხსნილი არ არის და მას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება.
ბუტა რობაქიძის მეგობრების მიმართ დღემდე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. B13 დეკემბერს გაირკვა, რომ ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის შუამდგომლობას ბრალდებულთა გამართლების მოთხოვნით პროკურორიც დაეთანხმება.
არჩილ ჩოფიკაშვილი კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელი და გიორგი ქურდაძის ადვოკატი განსასჯელთა გამართლებას მოითხოვს. ბრალდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი, საფუძველი გახდება ბუტა რობაქიძის მკვლელობაში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემისათვის.