"ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ბიზნესმარათონი 20=200" - გადადგი პირველი ნაბიჯი ბიზნესში. ბიზნესმარათონი გაიმართება დღეს, 15 დეკემბერს, "თბილისი ცენტრალში", 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.
პროექტის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შედგენილ გუნდებს ევალებათ, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, 12 საათის განმავლობაში, საკუთარი კრეატიული და ორიგინალური ბიზნესიდეის საფუძველზე, 20 ლარის საწყისი კაპიტალით, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის საფუძველზე, მოაგროვონ მინიმუმ 200 ლარი.
საახალწლო ბიზნესმარათონის პრეზენტაცია მოხდა თბილისის თითქმის ყველა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში. შედეგად, გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 12 გუნდი, რომელთაც ჰქონდათ ყველაზე კრეატიული და ორიგინალური ბიზნესიდეა. გუნდების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უბრალო ნივთებით ორიგინალური ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ინტელექტუალური თამაშები და არამატერიალური მომსახურება (სერვისი).
"ბიზნესმარათონი 20=200" თბილისში უკვე მესამედ ტარდება. მარათონის მხარდაჭერას ასევე საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს.