პოლონეთის პროკურატურამ რუსულ მხარეს თხოვნით მიმართა, მიაწოდოს ინფორმაცია იმ სატელეფონო ზარების შესახებ, რომელიც სმოლენსკის ავიაკატასტროფის შემდეგ, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტელეფონიდან განხრციელდა. გამოძიების ვერსიით, ტელეფონი სამჯერ გამოიყენეს - ორჯერ კატასტროფის დღეს და ერთჯერ, მეორე დღეს. ამის შესახებ ინფორმაციას WPROST ავრცელებს.
გამოძიებას აინტერესებს, ვის და რატომ მოესურვა კაჩინსკის ტელეფონით სარგებლობა და საერთოდ, რა მიზეზით მოხვდა ის მასთან, ვინც ტელეფონიდან დარეკა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ასევე შიშობენ, რომ ვიღაცას პრეზიდენტის აპარატის ხმოვანი შეტყობინებებიც შეეძლო მოესმინა.
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკის აეროდრომზე დაშვებისას, 2010 წლის აპრილში ჩამოვარდა. პოლონურ დელეგაციას მონაწილეობა კატინის ტრაგედიის აღმნიშვნელ სამგლოვიარო ღონისძიებებში უნდა მიეღო. დაშვება ძლიერი ნისლის დროს განხორციელდა. კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.