ჰერები კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივმა ქართველებმა შესაბამისი წერილით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიმართეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
კახის ქართული კულტურის ცენტრი გასული წლის 4 ოქტომბერს დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა სამართალდამცავებს ხანძრის გაჩენი მიზეზები ამ დრომდე არ დაუდგენიათ.
კახის რაიონის ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახში მცხოვრებ ქართველებს კი კლუბის შენობას სთავაზობენ, რომელიც თითქმის მთლიანად გაპარტახებულია და მასში მუშაობა შეუძლებელია.
კახის კულტურის ცენტრი 2001 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა დააფუძნეს. კულტურის ცენტრის დირექტორის გივი ნადირაშვილის განცხადებით, თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობდნენ. კულტურის ცენტრში ქართველი ბავშვები ქართულ ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს სწავლობდნენ.