დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაცია იგეგმება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, იზრდება არა მარტო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის , არამედ საბჭოს საქმიანობაში საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის ხარისხიც. მისივე თქმით, იზრდება მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს როლი საბჭოს ფორმირებაში.
ბარამიძის განცხადებით, ახლებურად განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. კერძოდ, საბჭოს 15 წევრიდან 6 წევრს აირჩევს საქართველოს პარლამენტი საზოგადოების წარმომადგენლებისგან. პარლამენტი აირჩევს ასევე სადისციპლინო კოლეგიის 5 წევრიდან 2 წევრს. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობაში პარლამენტის მიერ არჩეული წევრები მოსამართლეები არ იქნებიან, თუმცა კანონში ხაზგასმული იქნება, რომ სავალდებულოა ისინი 30 წლის ასაკის ზემოთ, იურიდიული განათლების მქონე, სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები იყონ. კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირინე იმერლიშვილის მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი რედაქციული ცვლილება. კომიტეტის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანა.