საზოგადოების მიერ მართლმსაჯულების ეფექტური კონტროლის მიზნით, სასამართლო ხელისუფლების მეტი დემოკრატიულობისა და საქვეყნოობის პრინციპის ჯეროვანი უზრუნველყოფისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება მიეცემა სასამართლო პროცესი ვიდეო და აუდიო საშუალებებით ჩაიწეროს.
ამავდროულად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება, დაინტერესების შემთხვევაში, ჩანაწერი მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, სხვა ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიებს და კერძო პირებს გადასცეს. აღნიშნული ცვლილება მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შედის. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, მედია-საშუალებების სასამართლო პროცესზე დასწრებისა და ჩანაწერის გაკეთების შეზღუდვა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი. მისივე თქმით, სპეციალური შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა გადაღებაზე დაწესდება.