დღეს, 12 დეკემბერს თბილისის იუსტიციის სახლს აზერბაიჯანული დელეგაცია ეწვია. აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლები იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცვნენ და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საქართველოდან იუსტიციის სახლის მოდელის იმპორტირებას გეგმავს. სპეციალურად ამ მიზნით ჩამოსული დელეგაციის წვრები ერთ დღეს იუსტიციის სახლში ატარებენ. პრეზნტაციები სახელმწიფო სერვისების სფეროში წარმატებული რეფორმების კონცეფციის შემუშავების, დანერგვის, მართვისა და განვითარების საკითხებზე მეზობელი სახლემწიფოს წარმომადგენლებისთვის ქართველმა სპეციალისტებმა გამართეს. მათ დეტალურად აუხსნეს აზერბაიჯანული დელეგაციის წევრებს, თუ როგორ ხდება ერთ სივრცეში 250-ზე მეტი სერვისის გაერთიანება, მათი თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში სერვისებში განაწილების პრინციპი. განუმარტეს, რა უპირატესობები გააჩნია ბიზნესლოგიკით აწყობილ მომსახურების სტრუქტურას, როგორ ხდება ახალი სერვისების შეთავაზება მომხმარებლებისათვის, რა სამუშაოები ტარდება ონლაინმომსახურებების დასანერგად, როგორია ხარისხის მართვისა და კონტროლის მექანიზმები.
ქართველი სპაციალისტები აზერბაიჯანელ სტუმრებს იუსტიციის სახლების ფუნქციონირების სპეციფიკის, სერვისის პროცედურებისა და მისი ხანგრძლივობის შესახებაც ესაუბრნენ.
პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრების შემდეგ, სპეციალურად აზერბაიჯანული დელეგაციის წევრებისათვის იუსტიციის სახლში ტურიც მოწყო, რომლის დროსაც სააგენტოს წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, თავად დაკვირვებოდნენ მომსახურების გაწევის პროცესს. სტუმრებმა თბილისის იუსტიციის სახლის ნოვაცია - JustCafe დაათვალიერეს, სადაც მომხმარებელს, საუზმის პარალელურად, მისთვის საჭირო დოკუმენტის შეკვეთის და, რამდენიმე წუთში, მისი მიღების შესაძლებლობაც ეძლევა.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების, ასევე სხვა უწყებების სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
იუსტიციის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია - 2012 წელს სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა.