ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, ხათუნა გელხვიიძის კუთვნილი ოქროს ნივთების ქურდობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო.
გამოძიებამ დადგინა, რომ 11 დეკემბერს, ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია ,,საფილოსთან", ხათუნა გელხვიიძემ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, კუთვნილი ოქროს ნივთები ვეღარ იპოვა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გაირკვა, რომ აღნიშნულ ნივთებს, დაკარგვის შემდეგ, 1985 წელს დაბადებული სულხან რ. დაეუფლა. ნაპოვნ ოქროულს ის სამუშაო ავტომანქანის სალონში ინახავდა, რომლის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაახლოებით, 350 გრამი 50 დასახელების სხვადასხვა ოქროს სამკაული ამოიღეს და პატრონს, ხათუნა გელხვიიძეს დაუბრუნეს.