ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობის და ეროვნული უსაფრთხოების კომისია ახალ კანონპროექტს იხილავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ალაედინ ბორუჯარდი აცხადებს, ამ კანონპროექტის მიხედვით, ირანის მოქალაქე, 40 წლამდე ასაკის ქალებს, შესაძლოა, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოთ. იმისათვის, რომ ქალებმა ირანის ტერიტორია დატოვონ, მათ „სასულიერო სასამართლოს" სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, რომელიც უცხოეთში ყოფნის დროს მეთვალყურეს დაუნიშნავს.
ამ კანონპროექტის ავტორები ახალგაზრდა, ქორწინებაში არმყოფი ქალების ზნეობის დაცვაზე აპელირებენ და აცხადებენ, რომ ამით მათ „ამორალური ქმედებებისაგან" დაიცავენ.
კანონპროექტმა უკვე გამოიწვია დიდი პროტესტი ირანში, ქალთა უფლებების დაცველი ორგანიზაციების მხრიდან და სოციალურ ქსელებში მკვეთრი რეაქციების საფუძველიც გახდა. ირანელმა ბლოგერებმა კი, საკითხთან მიმართებაში, განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი კანონპროექტის იდეას აპროტესტებს და მას ქალთა ღირსების შემლახავად მიიჩნევს.