საქართველოსა და ჩინეთს შორის 2011 წელს გაფორმებული „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე ქართულ მხარეს ტექნიკით ჩინური კომპანია Foton Lovol International Heavy Industry LTD უზრუნველყოფს.
დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც 9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა საქართველოში 2013 წლის მაისში საქართველოში ჩამოვა.
28 ერთეულ ტექნიკას შორისაა თვლიანი და მხოხავი ექსკავატორები, ასევე მხოხავი ბულდოზერები და მტვირთავები. კომპანია Foton Lovol International Heavy Industry LTD უზრუნველყოფს ტექნიკის ტრანსპორტირებასაც. ქართულ მხარეს გადმოეცემა ახალი მანქანა-დანადგარების სათადარიგო ნაწილებიც.
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მრჩევლის ლიუ ბოს განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საირიგაციო სისტემის სრულყოფაში, რაც საბოლოოდ, ქართველ ფერმერებს დამატებით სარგებელს მოუტანს.
მინისტრის მოსდგილემ, დავით შერვაშიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. „გრანტის სახით გადმოცემული ტექნიკა, უკვე გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მისცემს საშუალებას მელიორაციის დეპარტამენტს, განახორციელოს სამინისტროს მიერ დასახული ამოცანები."
სამელიორაციო სამუშაების ჩატარება, საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად გაამარტივებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მოსავლის როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ზრდას.