ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მზადყოფნას აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას დაუჩოქოს და დსთ-ში დაბრუნება სთხოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"აი ჩვენ 1-ლი იანვრიდან დსთ-ის თავმჯდომარე ვიქნებით, თქვენ (საქართველოს) გელოდებით, მე თქვენთან ჩამოვალ, თქვენ წინაშე მუხლებზე დავდგები, ოღონდ საჯაროდ არა, თუ გინდათ, საჯაროდაც... გთხოვთ თქვენ დაბრუნდეთ დსთ-ში", _ განაცხადა ლუკაშენკომ დსთ-ის ქვეყნების, ბალტიისპირეთისა და საქართველოს მთავარი რედაქტორების კლუბის წევრებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოს თანამეგობრობაში დაბრუნებას. "დაბრუნებაა საჭირო და იქ ვიპოვით ყველა საკითხის გადაწყვეტას, თუ, რა თქმა უნდა, ქართველი პოლიტიკოსები ამას მოისურვებენ", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, რუსეთის ფედერაციამ ვერაგულად დაარღვია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სუვერენული საზღვრები და მის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მხრიდან, როკის გვირაბის გავლით შემოიჭრა. რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ასევე რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს მეორე რეგიონში - აფხაზეთში.
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად, საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
საქართველომ დსთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის აგრესიის შემდეგ 2008 წლის 18 აგვისტოს დატოვა.