თბილის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გაუქმებაზე უარი უთხრა. როგორც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განაცხადა საქმეში გამოვლენილი არ არის ახალი გარემოებები, დასაკითხი არიან მოწმეები და არსებობს საფრთხე, რომ მათზე ზეწოლა მოხდეს, რის გამოც ოქრუაშვილის ადვოკატების მოთხოვა პატიმრობის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დაიკითხონ გიორგი ლოლუა და გიორგი ხოსრუაშვილი, რომლებიც 2005-2006 წლებში მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკურ დეპარტამენტში. როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ უშუალოდ ჰქონდათ შეხება ვაზნების შესყიდვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შემდეგი სასამართლო პროცესი 26 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ამჯერად პროკურატურა ოქრუაშვილს ახალ ეპიზოდზე ედავება და მას 342-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამსახურებრივ გულგრილობაში სდებს ბრალს.
საქმე 2006 წელს ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ბრალდების მხარის მტკიცებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის მეორეხარისხოვანი ტყვია-წამალი შეიძინა, რაც დოკუმენტებში გაფორმებული საბრძოლო იარაღის ხარისხს არ შეესაბამებოდა.
ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.