შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს,საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, რუსთავში, კოსტავას #24 -ში მდებარე „პრივატბანკზე" განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, 1991 წელს დაბადებული ლაშა ბ. დააკავეს.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ბანკის თანამშრომლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაშა ბ-მ თანამზრახველთან ერთად ბანკიდან დაახლოებით 25 ათასი ლარი, 4 ათასი დოლარი, 2 ათასი ევრო და 15 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა. ნიღბიანი ბოროტმოქმედების ბანკში შეჭრა და მათი ქმედება, „პრივატბანკის" შიდა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის თანამონაწილე პირის ვინაობაც დაადგინეს. ამ ეტაპზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით აღიძრა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაშა ბ-ს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.