2012 წლის 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გიორგი მასხარაშვილი გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი მასხარაშვილს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმე ეხება 2011 წლის 31 დეკემბერს საახალწლო წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა, ურთიერთშელაპარაკებისას ერთამნეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში დანის გამოყენებით დაჭრა გ.ა. მასხარაშვილის ქმედება აღკვეთილ იქნა წვეულებაზე მყოფი პირების მიერ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი შერმხთვევის ადგილიდან მიიმალა.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ და მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა.
საქმის არსებითად განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გიორგი მასხარაშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.