ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიმართება.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, მომავალ პროცესზე დაგეგმილია სხვა მოწმეების დაკითხვა.
"სასამართლო პროცესზე პირველ მოწმეს სხვისი ჩვენება წავუკითხე და ვკითხე, არის თუ არა ეს მისი ჩვენება. ის დამეთანხმა. რეალურად კი სხვა მოწმის ჩვენება წავუკითხე. გამართლდა ის, რასაც ვამბობდი, რომ ჩვენებები არის კოპირებული", - განაცხადა კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოქუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ხვიჩა საბაშვილი.