აშშ-ის მიერ ე.წ. "მაგნიტსკის კანონის" მიღება არის არამეგობრული ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ და რუსეთის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში იური უშაკოვმა განაცხადა.
"ჩვენ გვაიძულებენ ანალოგიური საპასუხო ნაბიჯებისკენ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და რა თქმა უნდა ვუპასუხებთ", - განაცხადა უშაკოვმა.
ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კანონის მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის საშინაო საქმებში ჩარევის მცდელობა და განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.
შეგასენებთ, რომ აშშ-ის სენატმა "მაგნიტსკის აქტი" მიიღო, რომელიც რუსი ჩინოვნიკების მიმართ სავიზო სანქციებს ითვალისწინებს. ერთიანი პაკეტით გაუქმებულ იქნა ჯექსონ-ვენიკის შესწორებები, რომელიც ზღუდავდა ვაჭრობას აშშ-სა და რუსეთს შორის.
ერთიან პაკეტს მხარი 94-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა ოთხმა.
მაგნიტსკის აქტი სავიზო შეზღუდვების გარდა ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს იმ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც როგორც ვაშინგტონში მიჩნევენ, კავშირში არიან საგამოძიებო იზოლატორში ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის დაღუპვაში.
"მაგნიტსკის სიაში" ფიგურირებენ გამომძიებლები, რომლებსაც სერგეი მაგნიტსკის საქმე მიჰყავდათ და უფრო მაღალი რანგის სამართალდამცველები, რომლებმაც მის პატიმრობაში ყოფნაზე გასცეს საქნცია.
მასალის გამოყენების პირობები