თბილისში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში სს `თელასი" ელექტროენერგიის აღრიცხვის და გადახდის სისტემის დარეგულირების პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტი, რომელიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან ერთობლივად ხორციელდება, სახელმწიფოს მიერ დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე ელექტროენერგიის ინდივიდუალური სააღრიცხვო სისტემების მოწესრიგებას გულისხმობს.
დევნილებისთვის აღრიცხვის კვანძების მოწყობას `თელასი" საკუთარი სახსრებით განახორციელებს. ქსელის კეთილმოწყობის სამუშაოები სატრანსფორმატორო ჯიხურიდან მრიცხველის კარადამდე ელექტროსადენების შეცვლასა და მრიცხველების მონტაჟს ითვალისწინებს. კაბელების ბინებში შეყვანისა და ავტომატური ამომრთველის მონტაჟს სახელმწიფო დააფინანსებს.
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პროფსასწავლებლის საერთო საცხოვრებელის შენობა, სადაც 60 ოჯახი ცხოვრობს, დევნილების კომპაქტურად დასახლების პირველი ობიექტია, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება.
საპილოტო პროექტის პრეზენტაციაზე დღეს `თელასის" გენერალურ დირექტორთან იური პიმონოვთან ერთად ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იმყოფებოდნენ.
პროექტის რეალიზაციის მეშვეობით მისი ბენეფიციარები `თელასის" ინდივიდუალური აბონენტები გახდებიან, რაც საბოლოოდ მოაწესრიგებს ელექტროენერგიის აღრიცხვის და მისი საფასურის გადახდის საკითხს.
`დღეს ჩვენ კომპანიას ყველაზე პრობლემურ მომხმარებლებთან - კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მაცხოვრებელ დევნილებთან ცივილური ურთიერთობების დამყარების საშუალება მიეცა. მას შემდეგ. რაც თბილისის მერიის თანადგომით, საქართველოს მთავრობამ დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემაზე მიიღო გადაწყვეტილება, `თელასს" მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ მომხმარებლებთან ინდივიდუალური აღრიცხვის განხორციელების მექანიზმები გაუჩნდა. პროექტის უზრუნველყოფის მიზნით `თელასი" ტექნიკურ სამუშაოებზე 7 მილიონ ლარამდე თანხას გაიღებს" - განაცხადა სს `თელასის" გენერალურმა დირექტორმა იური პიმონოვმა.
`კოლექტიური მრიცხველების სახით თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა დღეს უკვე გვარდება. კომპანია `თელასთან" ჩვენი შეთანხმების საფუძველზე დედაქალაქში მაცხოვრებელი ყველა დევნილი მოსახლე, რომელიც საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში მიიღებს, მომდევნო თვეების განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მრიცხველით" - განცხადა ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძებს `თელასი" დევნილთა კომპაქტურად დასახლების 250 ობიექტზე მოაწყობს. პროექტის პირველი ეტაპი 2010 წლის განმავლობაში 6 ათას 200 მრიცხველის მონტაჟს ითავლისწინებს. თბილისში მცხოვრები 9 ათას 600 დევნილი ოჯახისთვის გათვალისწინებულ სამუშაოებს კი კომპანია 2011 წლის მაისამდე დაასრულებს.
პროექტის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ტექნიკური პროექტები და გადაწყვეტილებები `თელასს" უკვე შემუშავებული აქვს.