მთავარმა პროკურატურამ ვანის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოში დაიწყო საქმის გამოძიება მოქალაქე მამუკა შარაშენიძის დევნისა და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს, ციხის სკანდალური ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქე მამუკა შარაშენიძე ვანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ხმამაღლა გააპროტესტა ეს ფაქტი. მამუკა შარასენიძის მიერ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის შესახებ ცნობილი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი აქტივისტებისთვის. იმავე დღეს, დაახლეობით 21:00 საათზე, მამუკა შარაშენიძე მიიყვანეს ვანში, "ერთინი ნაციონალური მოძრაობის" ვანის ოფისის შენობაში, სადაც, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით კაკაბაძემ, მამუკა ლეჟავამ და სხვა პირებმა( დაახლოებით ათამდე პირმა)გამოთქმული მოსაზრებისა და საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების გამო, სასტიკად სცემეს ეს უკანასკნელი. გაუტეხეს ცხვირი, ჩაუმტვრიეს ნეკნი და მიაყენეს სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2012 წლის 8 დეკემბერს დავით კაკაბაძეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დევნა ძალადობით) და 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე(დევნა ძალადობით) და 3 წლიდან 5 წლამდე.(ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად)
მართალია არსებობს დავით კაკაბაძის დაკავების კანონიერი საფუძველი, მაგრამ ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, პროკურატურა აპირებს მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევის შესახებ. დავით კაკბაძე სამი დღის განმავლობაში იწვა საავადმყოფოში, თუმცა საქმეში დევს ექიმის მიერ გაცემული ცნობა, რომ ის რაიმე სერიოზული დაავადებით არ ყოფილა მოთავსებული სტაციონარში და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია. გამოძიება სასამართლოში დააყენებს მისი დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების საკითხს".