პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 50-მდე მსჯავრდებული დატოვებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროში დღეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც ადგილობრივი საბჭოების მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მიეკუთვნებიან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 2012 წლის 8-9 დეკემბერს დატოვებს 50-მდე მსჯავრდებული, მათ შორის 2 ქალი და 2 მძიმე ავადმყოფი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია და ადგილობრივი საბჭოები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ მსჯავრდებულთა განცხადებების განხილვას.