ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისში, ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 60 ოჯახს შეხვდა. აღნიშნული ფართები აფხაზეთიდან დევნილებს საკუთრებში გადაეცათ, დღეიდან კი ისინი ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მრიცხველებზე გადავიდნენ.
აღნიშნულ ობიექტზე შეიცვალა შიდაკომუნიკაცია, სახურავი და წყალკანალიზაციის სისტემა. დევნილები წლების განმავლობაში დენის კოლექტიური მრიცხველით სარგებლობდნენ, გროვდებოდა დავალიანება, გადაუხდელობის შემთხვევაში კი ელექტროენერგიის მიწოდება უწყდებოდათ, რაც ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. პრობლემების მოსაგვარებლად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით კომპანია „თელასმა" აღნიშნული ობიექტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოახდინა.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, ინდივიდუალური გამრიცხველიანების შედეგად 30 000 ადამიანს ელექტროენერგიის პრობლემა მოეხსნება: „თბილისში 10 000 ოჯახს, დაახლებით 30 000 ადამიანს ინდივიდუალური მრიცხველი ექნება. შესაბამისად, ისინი შიშის გარეშე იცხოვრებენ, რომ გადახარჯვა არ მოუვიდეთ და უშუქოდ არ დარჩნენ. არადა, ხშირად ხდებოდა, რომ ელექტროენერგიის გადახარჯვის გამო დევნილები უშუქოდ იყვნენ. ინდივიდუალური გამრიცხველიანებით ეს პრობლემა იხსნება, რასაც ვერც მე ვიოცნებებდი."
ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე გადასვლა დევნილთა სხვა ობიექტებშიც გაგრძელდება და 6 თვეში თბილისის მასშტაბით მთლიანად დასრულდება.