ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური მოძრაობა "ძმები-მუსლიმების" შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს. შტაბბინაში ხანძარი პრეზიდენტ მუჰამედ მუსრის ეგვიპტელი ხალხისადმი ტელემიმართვიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა.
მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, დემონსტრატები ცდილობდნენ შტაბიბინა შტურმით აეღოთ. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარმა შენობას უმნიშვნელო ზიანი მიაყენა, სამართალდამცავებმა კი შეძლეს დემონსტრანტები შენობის პერიმეტრიდან გაეყვანათ.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღეა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში პრეზიდენტ მუსრის პოლიტიკით უკმაყოფილოთა აქციები მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით დაღუპულია ათზე მეტი ადამიანი, ხუთასზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ათობით ათასი დემონსტრანტი წინააღმდეგია ნაჩქარევი რეფერენდუმის ჩატარების, რომელიც ახალი კონსტუიტუციის მიღებისა და პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაფართოების საფუძველი უნდა გახდეს. საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ დემონსტრატები იმავე ხასიათის ლოზუნგებს სკანდირებენ, რაც 2011 წელს ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ გამართული აქციებისას ისმოდა. ეგვიპტეში აქციები პრეზიდენტის მუჰამედ მუსრის გადაწყვეტილების გამო დაიწყო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსიულება გაიფართოვა და ამიერიდან მისი ნებისმიერი გადაწყვეტილების გაპროტესტება შეუძლებელი ხდება. მუსრის განკარგულებით, მისი გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება იკრძალება.