პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძისა და ჩერქეზების სახელს ატარებს და წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო (არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტში 1933-42 წლებში მოღვაწეობდა და იგი 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა).
გახსნის ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ყურადღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და საერთო ფასეულობებზე გაამახვილა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული წარმატებები იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინსვლა და დემოკრატიული პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„საქართველოს უკან, რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება, რადგან ხალხმა უკვე გაუგო გემო წარმატებას, დემოკრატიას, ხელისუფლების ცვლის დემოკრატიულ პროცესს და ეს არის ის, რასაც ევროპული საწყისი ქვია. ამ განვითარებაზე ხალხი უარს აღარ იტყვის. ჩვენი პოლიტიკაა გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა და შესაძლებლობები რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მიზნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის უცლელია ის მისწრაფებები, რომელთა ერთგულიც გრიგოლ ფერაძე იყო - ეს არის მშვიდობა და რეგიონის თავისუფლება. მისი თქმით, გრიგოლ ფერაძე დღესაც წარმოადგენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და საქართველოც მის გზას უნდა გაყვეს. პრეზიდენტი ერთიანი კავკასიის იდეასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ ერთიანი კავკასია უნდა გახდეს მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლო.