"ქართული პარტიისთვის" საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილება პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და გაუგებარია, რატომ არ მოხვდა ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიაში.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიის ფორმირებაში "ქართული პარტია" წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა, რადგან ყველაზე მეტი პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში მათი პარტიის წევრები იყვნენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2007 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენებისას, ყველა ის ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც დღეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს, ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და შემდგომ დევნილი. მისი პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ასევე, აღიარა საფრანგეთის სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას, გადაეცათ იგი ქართული მართლმსაჯულებისთვის, უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აქ მას ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი ემუქრებოდა.
"ამის შესახებ დღევანდელ საპარლამენტო კომისიას, ყველაზე კარგად მოეხსენება. ოქრუაშვილი ყველა იმ სიაშია პოლიტპატიმრად, რომელსაც ადგენდნენ უფლებადამცავები 2007 წლიდან დღემდე. თუმცა ამა წლის 20 ნოემბერს, როდესაც ოქრუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მას პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად მოეხსნა და ასევე ავტომატურად უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ქართული პარტიისთვის" გუშინ გაურკვეველი დარჩა, მოხვდება თუ არა ოქრუაშვილი ამ სიაში - თუ პოლიტდევნილის სტატუსის მისაღებად მას ჰქონდა ყველა საფუძველი, რა აღმოჩნდა ან შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი, პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად.
"ასევე გაუგებარია ჩვენთვის, ერთსა და იმავე, ე.წ. "ზილების რევოლუციის" საქმეზე, ჩვენი წევრების კლასიფიკაცია: ნაწილი აღმოჩნდა სიაში, ნაწილი_არა, ნაწილის სასამართლო პროცესი კი მიმდინარეობს. გვინდა შევახსენოთ კომისიას, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში, ბატონი ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ყველა პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაათავისუფლებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია საპარლამენტო კომისია სთხოვს აცნობოს ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების საქმის განხილვა.
"ასევე, ყველა იმ უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში, ვთხოვთ დაესწროს ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს, სადაც ნათლად დაინახავენ სააკაშვილის რეჟიმის აჩრდილებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პროექტის საფუძველზე, 190 ადამიანს მიენიჭა პოლიტპატიმრის, 25 პირს კი პოლიტდევნილის სტატუსი. აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა ირაკლი ოქრუაშვილი.