ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც ჟურნალისტებს ბეგიაშვილის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბეგიაშვილის საქმეში არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, რის საფუძველზეც საქმის წარმოება შეწყდა.
"სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბეგიშვილის მიმართ გაუქმდა ძებნა, ასევე ყადაღა მოეხსნა მის კუთვნილ ქონებას. ამდენად, დავით ბეგიაშვილს 2-3 დღეში შეუძლია, ქვეყანაში დაბრუნდეს", - განაცხადა მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება, რომელიც დაუყონებლივ შედის ძალაში, საზღვრის დაცვის დეპარტმენტს გადაეგზავნება, რათა მას ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ბეგიშვილზე ძებნა მოხსნილია.
შეგახსენეთ, რომ შვეიცარიაში დევნილობაში მყოფ ბიზნესმენს ბრალი სსკ-ის 180 მუხლის 2 და 3 ნაწილით ედებოდა.