ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში პოლიციასა და პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც სასახლის მიმართულებით დაიძრნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მუჰამედ მუსრი, რომელიც განვლილი დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც დემონსტრანტების რაოდენობა გაიზარდა იძულებული გახდა სასახლე დაეტოვებინა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ათობით ათასი დემონსტრანტი წინააღმდეგია ნაჩქარევი რეფერენდუმის ჩატარების, რომელიც ახალი კონსტუიტუციის მიღებისა და პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაფართოების საფუძველი უნდა გახდეს.
საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ დემონსტრატები იმავე ხასიათის ლოზუნგებს სკანდირებენ, რაც 2011 წელს ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ გამართული აქციებისას ისმოდა.
შეგახსნებთ, რომ ეგვიპტეში აქციები პრეზიდენტის მუჰამედ მუსრის გადაწყვეტილების გამო დაიწყო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსიულება გაიფართოვა და ამიერიდან მისი ნებისმიერი გადაწყვეტილების გაპროტესტება შეუძლებელი ხდება.
მუსრის განკარგულების მიხედვით, მისი გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება იკრძალება.
საპროტესტო გამოსვლები ქაიროში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში რამდენიმე დღეა გრძელდება. პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის მომხდარი შეტაკებებისას ათამდე ადამიანი გარდაიცვლა, ათობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიღო.