პოლიტპატიმართა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა კომისიაში ახალი განცხადებები შედის. პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსზე პრეტენზია უკვე განაცხადა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის გუბერნატორმა ქვემო ქართლში ლევან მამალაძემ. მისმა ადვოკატმა კომისიას უკვე წარუდგინა საჭირო დოკუმენტაცია, მაგრამ დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენის გამო საქმის განხილვა გადაიდო.
კომისიის წევრის, მერაბ ტურავას განცხადებით, შესაძლოა, კომისიას მიმართა ასლან აბაშიძემაც. მისი თქმით, შესაძლოა, აბაშიძის განცხადება სამდივნოში უკვე შესულია.
პარლამენტმა პოლიტპატიმართა შესახებ პროექტი 5 დეკემბერს პირველი მოსმენით უნდა მიიღოს. ამ დრომდე კომისიაში დამატებით კიდევ 70-მდე ახალი განაცხადია შესული, რომლის შესწავლაც წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.