10 თებერვალს 12 საათზე დიდი დიღმის ასახვევთან (გუდვილთან) მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილი ყოფილ პატიმარს დათო წიკლაურს ვისოლში პირველ სამუშაო დღეს მიულოცავს.
დათო წიკლაური პრობაციის კონტროლის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულია, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა ციხიდან და სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია «ცხოვრების ახალი გზის" და ვისოლის დახმარებით შემოსავლის წყარო იპოვა.
«საზოგადოებაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კომპანია საზოგადოების თითოეულ წევრს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და განვითარების საშუალებას აძლევს. ვისოლს საკუთარი ტრეინინგ ცენტრი აქვს, რომელიც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე ზრუნავს, რათა უმაღლესი ხარისხის მომხახურება შესთავაზოს მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით. მოხარულები ვართ, რომ დღეს პრობაციონერი დავასაქმეთ," - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
დათო წიკლაური 23 წლისაა, დაოჯახებულია და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ფასანაურში ცხოვრობს. მან ვისოლის სათაო ოფისსა და ავტოგასამართ სადგურზე მოსამზადებელი ტრენინგი უკვე გაიარა და უკვე დღეიდან ვისოლის თანამშრომელია. როგორც ვისოლის ყველა თანამშრომელი დათო წიკლაური უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევითა და კვებით.
ვისოლ ჯგუფი დღესდღეობით ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მისი ქვებრენდებია: ვისოლ პეტროლიუმი, ეარ ვისოლი, ვისოლ გაზი, ვისოლ ბუნკირება და ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია. ვისოლს ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ვისოლი ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც საერთაშორისო ხარისხის მართვის სერთიფიკატს IშO 9001-2008-ს ფლობს. ვისოლი ყველაზე დიდი დამსაქმებელია საქართველოს ნავთობსექტორში. დღესდღეობით ვისოლის გუნდში 2000-მდე თანამშრომელი მუშაობს.