თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკისრებული თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა გუნავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გუნავას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარი გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 17 იანვარს, 12.00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუნავას გამოძიება ორი მუხლით ედავება. 182-ე მუხლით, რომელიც მითვისებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც გუნავამ 49 500 ლარი და 3 000 ლიტრი ბენზინი მიითვისა. ასევე, 120-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სხეულის მსუბუქ დაზიანებას. ამ მუხლით ბრალი გუნავას გუშინ წარედგინა. საქმე ეხება 2012 წლის მარტში გუნავას მიერ საკუთარი მძღოლის, კახაბერ იზორიას დაჭრას.
დაცვის მხარე შს სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვს. როგორც სასამართლოსთან ადვოკატმა გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ისინი სწორედ ამ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. მისი თქმით, თუ სასამართლო მათ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დაცვის მხარე გუნავასთვის კვლავ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
პროკურატურის ცნობით, გუნავამ მიმდინარე წლის 11 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან 3 ათასი ლიტრი ბენზინი "პრემიუმის" საწვავის ტალონების მიღება და მისთვის გადაცემა დაავალა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩოხელმა იმავე დღეს გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი საწვავის ტალონები, რომელთა საერთო ღირებულება 6750 ლარს შედგენდა და გუნავას გადასცა.
ტალონების მიღებით "თენგიზ გუნავამ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით - ჩამოწერა და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული საწვავის ტალონები მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ თენგიზ გუნავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო დიდი ოდენობით ფულადი და მიითვისა.
კერძოდ, 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 49500 ლარი, რაც თავის მხრივ ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს.
გუნავამ, აგვისტოს შუა რიცხვებში, თავის მხრივ ფულის აღება და მასზე გადაცემა დაავალა მის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს. ჩოხელმა მიღებული 49500 ლარი მაშინვე გადასცა თენგიზ გუნავას.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ოფიციალურად აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ. გუნავამ გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ნ. ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49500 ლარის გამოყოფაზე. თანხის მიღება გუნავას მიერ დადასტურებულია 2012 წლის 01 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ. გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურებრივი საჭიროებისთვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
"ესე იგი თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" პუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გენინსპექციის ყოფილ უფროსი თენგიზ გუნავა 29 ნოემბერს დააკავეს.