ყოფილ შს მინისტრს უნდა გააჩნდეს საკმარისი ვაჟკაცობა, რომ აღიაროს მომხდარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა .
მისი თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მომხდარ ფაქტს არ აღიარებს.
"მე პირადად, მრცხვენია, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი არ აღიარებს ამ ფაქტს. ის უბრალოდ ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით ყოფილ პრემიერს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა გააჩნდეს საკმარისი ვაჟკაცობა, რომ აღიაროს მომხდარი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე გამოძიება გაგრძელდება და გამოძიება დაადგენს ობიექტურ გარემოებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. "2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე", - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა.
"იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა", - აღნიშნა გიორგობიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი შსს-ში დაიკითხა, თუმცა შსს-ის ინფორმაციით, მერაბიშვილმა გამოძიებასტან არ ითანამშრომლა.