კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი დათა ახალია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ჟურნალისტებთან ახალაიას უფლებადამცველმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა ვინაიდან ახალია საქართველოში არ იმყოფება პროკურატურაში თავად გამოცხადდება.
,,დათა ახალიას ოჯახს მიუვიდა უწყება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. უწყებაში, რომელიც ოჯახს მიუვიდა მითითებული არ არის მას ბრალი უნდა წაუყენონ, თუ არა", - განაცხადა ჟურნალისტებთან დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვიმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის განცხადებით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის უახლოეს პერიოდში საქართველოს შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
მისი თქმით, 2012 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტზე. კბილაშვილის ინფორმაციით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კბილაშვილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროს მ. ა.-ს დაუკავშირდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იოსებ თოფურიძე და დაიბარა თავისთან იმ მოტივით, რომ მისი ნახვა სურდა დეპარტამენტის დირექტორ დავით ახალაიას.
მ.ა. მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროს დ.კ.-სთან ერთად მივიდა მოდულის შენობაში. დავით ახალაიას გარდა ოთახში დახვდნენ გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირები. მცირეოდენი გამოკითხვის შემდგომ, რომელიც ეხებოდა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" ყოფილი შს მინისტრის ცოლის, თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, პირადად დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა მ.ა. სასტიკად სცემეს ხელებითა და ფეხებით, რაც გაგრძელდა დაახლოებით 7 წუთი. დავით ახალაია აფურთხებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას. ნაცემი მ. ა. გაიყვანეს დავით ახალაიას ოთახიდან და მოათავსეს იმავე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში.
იოსებ თოფურიძემ გამოარკვია, რომ დ.კ. რესტორან "ძველ სახლში" დ.კ.-ს ოჯახურ სუფრაზე მ.ა.-ს ნაცვლად იმყოფებოდა სხვა პირი, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი დ.ნ. ამის გამო მ.ა.-ს ბოდიში მოუხადეს და დაჰპირდნენ სამსახურებრივ წინსვლას. გამოუშვეს მოდულის შენობიდან ისე, რომ არ დაუბრუნებიათ სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი.
ამის შემდეგ, მოდულის შენობაში შევიდა დავით ახალაიას მიერ დაბარებული მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ზ.მ. ამ ეტაპზე დაუდგენელმა კუდ-ის თანამშრომლებმა გაიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, დასვეს სკამზე, ქამარზე იარაღის ჩამოსაკიდი ღვედით ზურგს უკან შეუკრეს ხელები და დაიწყეს მისი ცემა, რაც განხორციელდა 3 ეტაპად და თითოეული გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ხელებითა და ფეხებით ნაცემ ზ.მ.-ს ცემის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ სკამზე ხელებგაკრულს იატაკზე წაქცეულს ტოვებდნენ ოთახში. ნაწამები და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ზ.მ. მოდულის შენობიდან გამოუშვეს მხოლოდ 23:55 საათზე.