დღეს, 1-ელ დეკემბერს, ქუთაისის სასამართლომ ზესტაფონის გამგებლისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა გეწაძესთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. სასამართლომ კახა გეწაძეს 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესი, რომელც 30 ნოემბერს იყო დაგეგმილი, პირველი დეკემბრისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ გეწაძე სამართალდამცავებმა 29 ნოემბერს დააკავეს. იგი წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულომ გეწაძე ხმაურიან სხდომაზე რაიონის გამგებლად აირჩია.გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალი სხვადასხვა მუხლით წაეყენება. ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც გეწაძეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, არის საქართველოს სს კოდექსის 118 -ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მეორე მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაეყენება, არის სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღით. ეს კონკრეტული მუხლი 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეწაძის ბრალდებას დაემატა კიდევ ერთი მუხლი - ეს არის 184 -ე მუხლის პირველი ნაწილი.პროკურატურაში დაბარებული კახა გეწაძე პირველ ეტაპზე მოწმის სახით იკითხებოდა, მოგვიანებით კი დააკავეს.