თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძეს 16 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორი ზურაბ მიქაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ზურაბ მიქაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მთავრი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ბრალდება, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდისა და მისი მეგობრების მიმართ თავის დროზე იყო წაყენებული, ყალბია. გამოძიების ვერსიით, ზურაბ მიქაძემ 2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აიძულა, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა. ამ ჩვენების მიხედვით კი, ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები შეიარაღებული იყვნენ და ისინი ყაჩაღური დაჯგუფების წევრებად გამოცხადდნენ. არჩილ კბილაშვილის თქმით, დანაშაული გახსნილია და გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პოლიციის სხვა თანამშრომლები. "მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ მისივე დავალებით პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ამირან რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით. ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ჭ. გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.