საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ, სოფელ მისაქციელში ლამი-მისაქციელის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა.
აღნიშნული სარწყავი სისტემა სათავეს ბულაჩაურის სათავე ნაგებობიდან იღებს. მაგისტრალური არხის სიგრძე 24,5 კმ-ია. სარწყავი სისტემა ემსახურება დუშეთისა და მცხეთის რაიონებს. დღემდე ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემით 500 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ირწყვებოდა. არხის რეაბილიტაციის შემდეგ, შესაძლებელი იქნება 4 500 ჰა ფართობის გასარწყავება.
"აღმოსავლეთ საქართველოში მოსავლიანობის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი წყლის დეფიციტია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება კი პრობლემას გადაწყვეტს, რაც მომავალი წლისთვის მოსავლიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს მთელ ქვეყანაში საირიგაციო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს", - აღნიშნა კირვალიძემ.
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა 1971 წლიდან ფუნქციონირებს და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კაპიტალური შეკეთება და არხების გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა. 1991 წელს არხზე განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაო. არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო 2013 წლის აპრილში დასრულდება.