დომენიკ სტროს კანი და სასტუმროს დამლაგებელი, რომელმაც ცნობილი პოლიტიკოსი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა, მორიგდნენ. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი" წერს. შეთანხმების დეტალები, თუ რა სახის კომპენსაციას გადაუხდის სტროს კანი ქალს, არ ხმაურდება. გაზეთის წყარო აღნიშნავს, რომ დოკუმენტისთვის მხარეებს ჯერ ხელი არ მოუწერიათ და კვლავ მიმდინარეობს დაზუსტებების შესახებ მოლაპარაკებები.
დომენიკ სტროს-კანი ნიუ-იორკში, 2011 წლის 14 მაისს დააპატიმრეს. მას ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელ ქალზე, ნაფისატუ დიალოზე სექსუალური ძალადობის მცდელობა ედებოდა ბრალად. იმავე წლის აგვისტოში სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, თუმცა, დაზარალებულმა ქალმა სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. სტროს კანს თანამდებობიდან გადადგომა მოუწია, მისი პოლიტიკური კარიერა კი საბოლოოდ დასრულდა.
პარალელურად, საფრანგეთში სტროს-კანის წინააღმდეგ მეორე საქმეც აღიძრა. ბრალდების მიხედვით, ყოფილ ჩინოვნიკს ბრალი დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში, სუტენიორობაში ედება. სამართალდამცველი ორგანოები ეჭვობენ, რომ სტროს-კანი საღამოებს აწყობდა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მონაწილეობით. ამას გარდა, ექსჩინოვნიკი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.