"ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიძინა ივანიშვილს მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევრაზიისა და ევროპის საკითხებში ერიკ რუბინმა რუსეთის პრემიერის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა კარგი პოლიტიკაა.
"ეს არაა ნულოვანი თამაში, მაგრამ ეს იმას არ გვავალდებულებს, რომ საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობაში შუაში ჩავუდგეთ", - განაცხადა რუბინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "კომერსანტთან" საუბარში საქართველოსთან დიალოგის აღდგენის პირობები დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენა შეიძლება მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.