"ვენეციის კომისიისთვის საკითხის გაგზავნა არაა ისეთი თემა, რომ რომელიმე თანამდებობის პირის ასეთი გაცხარება და გაღიზიანება გამოიწვიოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა, იუსტიციის მინისტრის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლება გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევს.
"სასამართლო ხელისუფლება არის სახელმწიფო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი შტო და იგი ვინმესთან შეთანხმების გარეშე უფლებამოსილია სხვადასხვა ქმედება განახორციელოს", - განაცხადა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლო ხელისუფლებასთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღოს.
"იუსტიციის სამინისტრო სასამართლო ხელისუფლების ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლო პროექტს მას შემდეგ გვიგზავნის, როცა ჩვენ მას მოვითხოვთ და არა თავისი სურვილით. ევროპის საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლებაში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების გარეშე განხილული არ უნდა იყოს", - განაცხადა კუბლაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი "საერთო სასამართლოს" წესის შესახებ არსებულ ხარვეზებზე ფარულად არ გაუგზავნია.
"ეს ჩუმად არ გაგვიკეთებია. ცვლილებების პაკეტი საჯაროდ გავუგზავნეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პირველ პროექტში "საერთო სასამართლოს" წესის შესახებ არსებული ხარვეზების გაგზავნას ვენეციის კომიისთვის "ნაჩქარევი გადაწყვეტილება" უწოდა.