"კრემლის მდუმარება აქამდე გამოწვეულია იმით, ის საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანი პოლიტიკური კლიმატის შექმნას ელოდება და ზუსტად არ იცის, რა უნდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ რუსეთისგან", - განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ თბილისში, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა რუსეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა, სტამბულში, რომელსაც ჰქვია სტამბულის პროცესი. ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკიდან გამომდინარე, შეიძლება გვცოდნოდა ამ კითხვაზე პასუხი, მაინც დავსვით ეს შეკითხვა. იქ ძალიან არაორაზროვნად და გასაგებად აგვიხსნეს: მოსკოვში ჯერჯერობით აკვირდებიან პოლიტიკური სტრუქტურების დალაგებას საქართველოში და პოლიტიკური ერთიანი კლიმატის შექმნას საქართველოს ხელისუფლებაში. მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ მოსკოვში ზუსტად არ იციან, რა უნდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ რუსეთისგან და არ იციან, რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ახალი ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების მიმართ. ანუ დეკლარაციები, რომლებიც კეთდება, ზოგ შემთხვევაში არის სხვადასხვა ტიპის. ვთქვათ: ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგება, ანუ სტრატეგია ეჭვქვეშ არ დგება, მაგრამ ტაქტიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომის დემონსტრირება ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურისგან. ამიტომ უნდათ, რომ ჰქონდეთ ჩამოყალიბებული გააზრებული სურათი და იცოდნენ ზუსტად, რას აპირებს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ეს სურათი ჯერჯერობით არა აქვთ, ასეთი იყო მათი პასუხი", - აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ მისი აზრით ეს მართლაც ასეა.
"ახლა მეც ვფიქრობ, რომ ეს ასეა და დღეს საქართველოს ხელისუფლება იმყოფება ერთგვარ მანევრულ რეჟიმში, ანუ მანევრებს აკეთებს", _ აცხადებს არეშიძე და ივანიშვილის ვიზიტების გეოგრაფიის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ჩვენ მოწმენი ვიყავით იმისა, რომ რამდენიმეჯერ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ვიზიტების გეოგრაფია უცხოეთში. მართალია, ერთი შეხედვით ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, ვივარაუდოთ, რომ ესეც - ვიზიტების გეოგრაფიის შეცვლა - გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუქტურიდან, სიტუაციიდან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გარკვეული პაუზის - რომელიც მოსკოვმა აიღო - საფუძველი ალბათ აქვს და ფიქრობს, ჯერ შეხედოს, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა ეს არის პირველი პუნქტი. მეორე პუნქტი მდგომარეობს იმაში, რომ თვალისთვის უხილავად მოსკოვის აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე და კერძოდ დედაქალაქ თბილისში საკმაოდ მაღალია", - აღნიშნავს არეშიძე და დასძენს, რომ მას სიტყვები "თვალისთვის უხილავად" ტყუილად არ უთქვამს.
არეშიძე აღნიშნავს, რომ უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კულტურული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ცნობილმა პიროვნებამ მოუხშირა თბილისში ვიზიტს და გარკვეული პირადული კონტაქტების დალაგებას.
"არ გამოვრიცხავ, რომ ეს არ არის მათი კერძო ინიციატივა და ამის მეშვეობითაც გარკვეული ზონდაჟი ხდება. ანუ ეს არის ორი პარალელური პროცესი - ერთი მხრივ, რუსეთის ხელისუფლება თავს იკავებს, რათა ზუსტად გაარკვიოს, რა უნდა საქართველოს ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, ზონდაჟის რამდენიმე ხერხს მიმართავს. ეს არის ღია - ორგანიზაციებისა და პიროვნებების მეშვეობით. არ გამოვრიცახვ, დახურული ტიპის ზონდაჟსაც - ეს არის დაზვერვა და მესამე - აუცილებელი იქნება ქართული მედიის პოზიციები და ანალიზიც. მგონი, ყველაფერი ამის შემდეგ რაღაც დასკვნას გამოიტანენ მოსკოვში", - აცხადებს არეშიძე.