საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა აქამდე კრემლის მდუმარებიდან გამომდინარე არ შედგა. განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მე ამ შეხვედრის თობაზე არაფერი მსმენია. ვიცი რომ ასეთი ტიპის შეხვედრისათვის იყო გამზადებული ზურაბ აბაშიძე, თუმცა კრემლის მდუმარებიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა ჯერ ჯერობით არ შედგა", - აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, ლოგიკიდან გამომდინარე ვერანაირი შეხვედრა ვერ შედგება მანამდე, ვიდრე საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში მიღებული არ არის.
"ლოგიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ რომ ვერანაირი შეხვედრა ვერ შედგება, არა მხოლოდ იმის გამო, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის პირადი წარმომადგენელი ჯერ არ არის მიღებული მოსკოვში ანუ ის ჯერ არ შეხვედრია მოსკოვის შესაბამისი რანგის ემისარს.
აქედან გამომდინარე, ვერანაირი არაოფიციალური შეხვედრა ვერ შედგება თუ არ იქნება წანასწარ მოლაპარაკებული თემები და თუ ზურაბ აბაშიძე მოსკოვში არ მიიღეს მაშინ აბა რაღა იქნება ?! და ისე ხელის ჩამოსართმევად არა მგონია, რომ ერთმანეთს შეხვდნენ",_ აცხადებს არეშიძე.