ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე შეტაკება მოხდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიც იქნა გამოყენებული. შედეგად, ორი მშენებელი დაიჭრა, რომლებიც "სამხრეთ ოსეთში" ჩეჩნეთიდან იყვნენ ჩასული.
სიგნალი, ქუჩაში ატეხილი ჩხუბის შესახებ, სეპარატისტების პოლიციაში წუხელ შევიდა. "მილიციის" თანამშრომლების მისვლის შემდეგ, ადგილზე ამოღებულ იქნა ავტომატ აკ-74-ის ავტომატის 13 გილზა. იმყოფებოდნენ თუ არა შეტაკების მონაწილეები ადგილზე, "მილიციის" მისვლის დროს, არ კონკრეტდება.
როგორც გაირკვა, ჩხუბში სამშენებლო ფირმა "იდეალის" ხუთი მშენებელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ამ ფირმამ ჩეჩნეთიდან, ცხინვალში საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დაიქირავა. ორი მუშა ჰოსპიტალიზირებულია, ფეხებში მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობით.
რაც შეეხება ჩხუბის მონაწილე ადგილობრივ ეთნიკურ ოსებს, სეპარატისტული "ხელისუფლების" განცხადებით, ისინი თავად გამოცხადდნენ პროკურატურაში და განაცხადეს, რომ შეტაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა, თუმცა, რა მიზეზით, არ დაკონკრეტებულა. ჯერჯერობით, არც იმის შესახებ არის ინფორმაცია, კონკრეტულად ვინ მოაწყო სროლა.