"თუ ადრე სირიაში მაცხოვრებელ ჩერქეზების შთამომავლებისათვის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება რომანტიკა იყო, დღეს ეს უკიდურესი აუცილებლობაა", _ აცხადებს სოხუმში მიმდინარე სამეცნიერო სემინარის - "დასავლეთ კავკასია: წასრულსა და მომავალს შორის" მონაწილე ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი ფასიხ ბადერხანი. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ისტორიკოსი სირიაში ცხოვრობდა, დღეს რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
მისი თქმით, სირიაში მაცხოვრებელი ჩერქეზული დიასპორა ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდა და მას რუსეთის დახმარების იმედი აქვს, ხოლო აფხაზეთიდან მუჰაჯირების შთამომავლებს - აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის.
ბადერხანი სთავაზობს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას სირიელი აფხაზების მიღების პროგრამა შეიმუშავოს. მისი თქმით, ეს უაღრესად განათლებული ადამიანები არიან, რომლებიც ენის კურსების გავლის შემდეგ ე.წ. რესპუბლიკას გამოადგებიან.
"სირიელ აფხაზებს არ დავიწყებიათ თავიანთი ისტორიული სამშობლო და ენა და მათ სამშობლოში დაბრუნება სურთ",_ აცხადებს ფასიხ ბადერხანი.