რუსულმა სასამართლომ ჯგუფ Pussy Riot-ის რამდენიმე ვიდეოკლიპი "ექსტრემისტულად" გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათ რიცხვში შევიდა ყველაზე ცნობილი ჩანაწერი - გამოსვლა ეკლესიაში. კიდევ რა ვიდეორგოლები აიკრძალა, ამ დროისათვის უცნობია, რადგან თუ კონკრეტულად რას ითხოვდა სასამართლოსგან, ამის გასაჯაროებისაგან პროკურორმა თავი შეიკავა.
სასამართლომ უკვე მიუთითა ის აიპი მისამართები რესპურსებისა, რომელიც უნდა დაიბლოკოს. ვიდეორგოლები საბოლოოდ აიკრძალება მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი დღის მანძილზეა შესაძლებელი.
სკანდალური კლიპების აკრძალვის მოთხოვნით, პროკურატურამ სასამართლოს ჯერ კიდევ 9 ნოემბერს მიმართა. კლიპების აკრძალვას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებიც ითხოვდნენ.
როგორც ცნობილია, Pussy Riot - ის გამოსვლა ეკლესიაში 2012 წლის თებერვალში შედგა. გოგონებმა შეასრულეს სიმღერა: "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!" აგვისტოში ჯგუფის სამი მონაწილე დააპატიმრეს და ხულიგნობის ბრალდებით, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.