შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი მიმალვაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით, კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ თავის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილთან ერთად სოფელ წინანდალში მცხოვრებ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა, რის შედეგადაც მეგუთნიშვილმა 2011 წლის მარტში შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ერთი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" და ორი „ტოიოტა კამრი" შეუძინა. აღნიშნული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს კახეთის მთავარი სამმართველოს და საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დავით ლორთქიფანიძე უკვე დააკავეს. დავით ლორთქიფანიძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმაა. ზურაბ ლალიაშვილის სახელი უკავშირდება „ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის წევრის ზვიად ხვედელიძის დაპატიმრებას.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხვედელიძე თბილისის აეროპორტში 2 დღის წინ დააკავეს. ხვედელიძე საქართველოში ბელორუსიიდან დაბრუნდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებდა. ზვიად ხვედელიძე საქართველოდან 10 თვის განმავლობაში გაქცეული იყო. მისი თქმით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი ზურაბ ლალიაშვილი წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდა. საქართველოდან წასვლის შემდეგ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალი ქალის გაუპატიურების მცდელობაში დასდო, გურჯაანის სასამართლომ კი 2012 წლის 12 იანვარს, დაუსწრებლად, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ხვედელიძის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა. ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხვედელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაგებულ მახეში გაება. მას ბრალად გაუპატიურების მცდელობა წაუყენეს, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი კი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია, რომელიც კუდ-თან თანამშრომლობდა.