სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ყაზბეგის რაიონის სოფლების - სნოს, არშისა და სტეფანწმინდის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა საზღვრისპირა სოფლების განვითარების გეგმებზე და ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების სტრატეგიულ მიდგომებზე ისაუბრა.
„ყაზბეგი ძალიან მნიშვნელოვანი რაიონია საქართველოსთვის. ეს არის ჩრდილოეთის კარიბჭე. მას განსაკუთრებული მიდგომა, თანადგომა, სიყვარული სჭირდება და ეს ექნება ცენტრალური ხელისუფლებისგან. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას იგრძნობს ამ რეგიონის მოსახლეობაც. ისინი ღირსეულ შემოსავალს მიიღებენ საკუთარი შრომით" - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავით კირვალიძემ ყურადღება გაამახვილა გაზაფხულიდან განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც შეღავათიან და გრძელვადიან კრედიტს, მცირე ფერმერებისათვის უფასო ხვნასა და მცირე საწარმოების შექმნას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ყაზბეგის რაიონში განსაკუთრებული ყურადღება მეცხოველეობის, მეფუტკრეობის სფეროებს, საკალმახე და სასათბურე მეურნეობებისა და მცირე საწარმოების ამოქმედებას მიექცევა.
შეხვედრაზე გლეხებმა მათთვის აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს და სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებზე სახელმწიფოს მიდგომებით დაინტერესდნენ. „მეფუტკრეობის აღორძინება მოხევეებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საქმე იქნება. დღეს ხევში არის მეფუტკრეობის პატარ-პატარა ფერმები, მაგრამ ამას უნდა მეიცეს ორგანიზებული სახე. საჭირო იქნება სახელმწიფო დახმარება და სოფელი წელში გაიმართება"- განაცხადა ყაზბეგის მკვიდრმა, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია ხევში მეფუტკრეობას მისდევს.
ადგილობრივი მოსახლეობასთან შეხვედრას ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი მირიან წიკლაურიც ესწრებოდა. „ეს ვიზიტი მინისტრის მიერ იყო ინიცირებული და ერთ-ერთი პირველი გასვლაა რეგიონში. მან მოხევეებს დაგვდო პატივი, გვესტუმრა, დაათვალიერა საკალმახე მეურნეობა, მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს. მინისტრმა ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც ისაუბრა და იმედი გვაქვს ყველა ეს პრობლემა დადებითად გადაწყდება," - განაცხადა ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარმა.
მასალის გამოყენების პირობები