"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატს და მზად ვართ მეტი დინამიკა შევიტანოთ ამ მიმართულებით", - ეს განცხადება საქართველოს ხელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ერიკ რუბინთან შეხვედრისას გააკეთა.
"აშშ ჩვენი სტარეგიული პარტნიორია, ამიტომ მათთან კონსულტაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სულ მალე ჩატარდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სადაც ახალი მთავრობა პირველად მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო, განგვეხილა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის თემებზე საუბარი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს უჭერს მხარს.
"ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატს და მზად ვართ, მეტი დინამიკა შეიტანოს ახალმა მთავრობამ ამ მიმართულებით. იმ ფონზე, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა დასავლეთისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მზად ვართ, განვიხილოთ მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური დიალოგის გამყარებას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს უნდა გაიმართოს.