საქართველო დემოკრატიული განვითარების ტესტს გადის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ დასრულდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გაჩნდა ტერმინი "კოჰაბიტაცია", რომელიც თანაარსებობას ნიშნავს, თუმცა ამ საკითხის აქცენტირება ხდება მხოლოდ ცენტრალურ დონეზე.
"საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ჩვენ საზოგადოებას თანაარსებობის კარგი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ. ამის ნიშნები დღევანდელი ცენტრალური მთავრობისგან სულ უფრო მცირდება. თანაარსებობა ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ისინი იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ წარმატებებს მივაღწიეთ თვითმმართველობებში, წლიდან წლამდე არჩევითობის არეალი ფართოვდებოდა. 2010 წელს თბილისის მერი თბილისელებმა პირდაპირი წესით აირჩიეს და ავიღეთ ვალდებულება, რომ მერების არჩევა ყველა დიდ ქალაქში პირდაპირი წესით მოხდებოდა", - განაცხადა გიგი უგულავამ.