ფინეთი, სამხრეთ კორეა და ჰონკონგი - ეს ის სამი ქვეყანაა, რომლებმაც მსოფლიოს ოც ყველაზე წარმატებულ განათლების სისტემებს შორის პირველი სამი ადგილი დაიკავეს. რეიტინგი ბრიტანულმა კომპანია Pearson - მა, ჟურნალ „ეკონომისტის" ანალიტიკური განყოფილების შეკვეთით შეადგინა - წერს გაზეთი „თაიმსი". დიდი ბრიტანეთი მეექვსე ადგილზეა, ხოლო რუსეთის ფედერაცია - უკანასკნელზე.
რეიტინგი 2006-2010 წლებში, მოსწავლეთა მიერ საერთაშორისო ტესტებზე მიღებული ქულების მიხედვით შედგა, ასევე, გამოყენებულ იქნა სახელმწიფოთა სტატისტიკური მონაცემები, ახალგაზრდების რაოდენობის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის უნივერსიტეტებში აბარებენ.
რეიტინგის ერთ-ერთი შემდგენლის, სერ მაიკლ ბარბერის განცხადებით, განათლების სისტემის კუთხით, ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ ის სახელმწიფოები, სადაც მასწავლებლის სტატუსი მაღალია და განათლების განვითარების კულტურა არსებობს.
ამ რეიტინგმა, ბრიტანეთში მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ფინეთის, სამხრეთ კორეის და ჰონკონგის გვერდით, განათლების მაღალი დონის მქონე ქვეყნების რეიტინგში ლიდერი პოზიციები აზიურმა სახელმწიფოებმა დაიკავეს, რომელთა შორისაა, ჰონკონგი, იაპონია და სინგაპური.