პირობით ვადამდე გასათავისუფლებელ პირთა ზუსტი რაოდენობის დასახელება ამ დროისთვის შეუძლებელია. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
თუმცა სუბარმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, პირობით ვადამდე დაახლოებით 3 500 პირი გათავისუფლდეს.
"იმ მექანიზმით, რაზეც ახლა არის საუბარი, დაახლოებით ორი ათას ადამიანს ეხსნება სასჯელი მთლიანად, ათასს გარკვეული მუხლები უდგება და მათი გათავისუფლებაც იქნება შესაძლებელი. სულ 3 500 ადამიანს ეხსნება სასჯელი იმდენად, რომ მათი გათავისუფლება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით "უდოთი" გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რადგან ინდივიდუალურად ხდება თითოეული ადამიანის საქმის შესწავლა და გათვალისწინება უამრავი რამის, მათ შორის იმისაც, თუ რამდენად წარმოადგენს ამა თუ იმ ადამიანის გათავისუფლება საფრთხეს საზოგადოებისთვის.