საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური იოსებ ჩიქობავას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "გურია ნიუსის" ჟურნალისტის თამარ ლეფსვერიძის განცხადება მიზნად ისახავდა არა ამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ჭეშმარიტების დადგენას, არამედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დისკრედიტაციას.
"დანაშაულის გახსნასთან დაკავშირებით, შსს-ის განცხადების მიუხედავად, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა თამარ ლეფსვერიძემ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იოსებ ჩიქობავას მკვლელობა, ყოველგვარი საფუძვლისა და არგუმენტაციის გარეშე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუკავშირა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქალბატონი ლეფსვერიძის განცხადება მიზნად ისახავდა არა ამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ჭეშმარიტების დადგენას, არამედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დისკრედიტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია მედიასაშუალებების საქმიანობის თავისუფლება და ხელშეუხებლობა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური განუხრელად დაიცავს ამ უფლების უპირატესობას თავისი საქმიანობის პროცესში, თუმცა მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთებისაგან. აქვე, გვინდა მწუხარება გამოთქვათ იოსებ ჩიქობავას გარდაცვალების გამო და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის მიმდებარედ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს იოსებ ჩიქობავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად.